среда, 1 апреля 2009 г.

წარმოშობა

ანაგა ისტორიული სოფელია. სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რეგისტრირებული 8 ციხებურჯი მეტყველებს იმაზე, რომ აქ მრავალი ბრძოლა გადაუხდიათ. ზოგიერთი ციხე მოსახლეობას საცხოვრებელ სახლად გადაუკეთებია, ზოგიერთი კი ,,აღგვილა პირისაგან მიწისა”. აი ციხეთა სრული ჩამონათვალი:  

ჩირინაანთ ციხე, დარჩაანთ ციხე, ბიჭიაშვილების ციხე, ხიზანაანთ ციხე ბოტკველაანთ ციხე, ანდრონიკაშვილების ციხე, თამარის ციხე, ქუდურის ციხე, შიოს მარანი. მათი უმრავლესობა ისე იყო განლაგებული, რომ მტრის შემოსევის დროს ადვილი შესამჩნევი ყოფილიყო მის თავზე დანთებული ცეცხლი, რომელიც მოსახლეობას ნიშანს აძლევდა, ადგილობრივი, ან სიღნაღის ციხისთვის შეეფარებინა თავი. სიღნაღის გალავანს(რომლის რეკონტრუქციაც მოახდინა ერეკლე მეორემ ), ჰქონდა 6 ჭიშკარი, რომელთაც სახელები მახლობელი კოშკებითურთ დაერქვათ, მათი ამგები სოფლების მიხედვით, მათ შორის იყო ანაგაც.

ყველა ქალაქს, სოფელსა თუ სხვა დასახლებულ პუნქტს დაარსების საკუთარი ისტორია აქვს, რომელსაც ან ძალიან ღრმა წარსულში გაუდგამს ფესვები, ან მხოლოდ ახლა ქმნის მას. სოფელი ანაგა ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება, იგი უდიდესი ძალის მქონე სალოცავების და უნიკალური მიწისქვეშა სამყაროს ,,მეპატრონეა”.  

სოფელი, რომლისთვისაც მის მკვიდრთ ,,ანაგა" უწოდებიათ, ქართველი არქეოლოგების ინტერესთა არეალში ჯერ არ მოხვედრილა. ერთი ჩვეულებრივი სოფელი კი არა, ბევრი დიდი ქალაქი იამაყებდა იმ 17 ტაძრით, რომელთაგან დღეს თოთხმეტიღაა შემორჩენილი. ასეთ პატარა სოფელში ერთმანეთის სიახლოვეს აღმართული ეკლესია-მონასტერი, აქაური მოსახლეობის დიდ რელიგიურ რწმენასა და კულტურაზე მიგვითითებს. 

ვახუშტი ბატონიშვილს ნახსენები ჰყავს კახეთ-ჰერეთის მებრძოლი ,,ანაგე”. ფიქრობენ, რომ სწორედ ეს სახელი დაედო საფუძვლად სოფლის სახელწოდებას.


 
ლეგენდები სოფლის წარმოშობის შესახებ 


 ,,ჰანაგე" ავადმყოფთა, გაჭირვებულთა თავშესაფარს ნიშნავდა, უწინ თურმე ბევრი ,,ჰანაგე" შენდებოდა. ეს სოფელიც მაშინ დაარსებულა. სოფელში საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ არა მარტო ავადმყოფები, არამედ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი მამულიდან წამოსული ადამიანები. ისინი დიდი რწმენით მოდიოდნენ აქ და ღმერთს გადარჩენას ან გამოჯანმრთელებას თხოვდნენ. დიდი რწმენით მოსულნი სალოცავებს აშენებდნენ და ალბათ ამიტომ არის ამ დალოცვილ სოფელში ამდენი ეკლესიაც.  
  მეორე გადმოცემის მიხედვით ამბობენ, რომ სოფელში ერთი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, მას ჰყოლია ქალიშვილი ანა, რომელიც შეჰყვარებია ერთ ხელმოკლე ვაჟს. მამა წინააღმდეგი ყოფილა მათი ქორწინების, ამიტომ მოუფიქრებიათ გაქცევა. მამა ჩასაფრებულა და როცა ვაჟი მოსულა მხოლიდ იმის თქმა მოუსწვრია- ,,ანა, გა..." რაც ნიშნავს, ,,ანა, გავიქეცითო".ვაჟისთვის უსვრიათ და მოუკლავთ. ამბობენ სოფლის სახელი აქედან მოდისო.  
ისტორიული დოკუმენტი: ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოისი საქართველოსი" ახსენებს კახეთ-ჰერეთის მებრძოლ გმირს ,,ანაგეს" ფიქრობენ, რომ ეს სახელი დაედო საფუძვლად სოფლის სახელწოდებას. (არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ რომ თითქოს ანგელოზები გადმოსახლებულან ძვ. ანაგის ტერიტორიიდან- დღევანდელ ტერიტორიაზე). ანაგელების ძველი ანაგიდან წარმომავლობას, მოწმობს კიდევ ერთი ფაქტი: გვარი ჩალაბაშვილი და ბიჭიაანთ ციხე, რომლებიც ორივე სოფელშია. გარდა ამისა ანაგელებს გვიაობამდე სამუშაო მიწები ჰქონიათ ძველ ანაგაში. იოანე ბაგრატიონი ,,ქართლ-კახეთის" აღწერაში სიღნაღის შემდეგ კარდენახსა და ვაქირს შორის თანამედროვე ანაგის ტერიტორიაზე ასახელებს ბაიდარაანთ ანაგას და როჭიკაანთ ღელეს. ბაიდარაანი ამჟამად სოფლის ყველაზე დიდი უბანია. როჭიკაანთ ღელე კი სიღნაღსა და ანაგას შორისაა შეზრდილი, იქ სადაც ახლა ზარიაულის ხევია.სოფლის დიდი უბნებია: ბაიდარაანი, თანდაანი, ღვინობაანი, მირიან–გოგოლაანი, ქუდურ–მჭედლიაანი, . პატარა უბნები: მექუდეანი, პოვრიაანი, მალაქოიაანი, ალიაანი. მექუდეაანი: მათი წინაპრები ქუდის მკერავები ყოფილან.პოვრეაანთ წინაპრები _ პოვრები. მალაქოიაანი: მათ ჰყოლიათ წინაპარი მალაქო. მან სახელი ერთი ფაქტის გამო დაიმკვიდრა. თბილისში წასულს თურმე შემოესმა რუსი გამყიდველის ხმა, მალაკოო...მას ჰგონებია მე მეძახის და ნეტავ საიდან მიცნობსო. ალიაანი: ქუდურში დასახლებულა ერთი ლეკი ალია. მას ტიკებისა დაქვევრების მოკუპვრა სცოდნია და თურმე თოკებსაც გრეხდა და ჰყიდდა. დღემდეა მათ საგვარეულო სახლში თოკის საგრეხი ჯარა.


ყვავის საყდრის აგების ისტორია


ყვავის საყდარი მდებარეობს მთავარანგელოზის ხევის მარჯვენა მხარეს, გადმოცემის თანახმად საყდრის ადგილზე გლეხები ყანას მკიდდნენ. იქვე (დიდ ქვაბში) სადილი მზადდებოდა. ხორცის ხარშვის დროს, ქვაბში დიდი გველი ჩამძვრალა, როდესაც მუშები სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ციდან მოფრენილა ერთი ყვავი, რომელიც ქვაბში ჩავარდნილა (გლეხები სადილის განაწილებას აპირებდნენ და ქვაბის სახურავი ახდილი ქონდათ). გლეხები ყვავის ნახარშს ვერ შეჭამდნენ, ამიტომ ქვაბი გადმოუპირქვავებიათ და შიგ ჩახარშული გველი უნახავთ. ყვავმა თავი გაწირა და ხალხი მოწამვლისგან იხსნა. გლეხებმა ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა სარტყელთან შეუჩერებიათ, რადგან ამ დროს მოფრენილი აუარება ყვავი და მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მიუცია მათთვის. ამბობენ, ყვავებს იქვე მთავარანგელოზის ხატი აუღიათ და ეკლესიის ადგილზე წაუბრძანებიათო, მშნებლებს ეს უფლის ნებად ჩაუთვლიათ და სარტყელთან შეუჩერებიათ მშენებლობა (ყვავის საყდრის მშენებლობა მართლაც სარტყელთან არის შეჩერებული). ყვავების მიერ დაბრძანებული ხატის ადგილზე კი მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებიათ.

ყვავის საყდარი საქართველოს სხვა კუთხეებშიც ყოფილა აშენებული.
1903 წელს სიღნაღში დაარსდა, რსდმპ პირველი ორგანიზაცია და სოფელ ანაგაში გაიხსნა საიდუმლოდ სტამბა, რომელმაც ხელი შეუწყო მასებში რევოლუციური განწყობილების განვითარებას.

მთავარანგელოზისკენ მიმავალი გზა, ერთდროს საქარავნო ყოფილა და აღდგომის ეკლესიისკენ მიმავალი გზით, ჩალაუბნის ტყეში გადადიოდა. ჩალაუბნის ნაძვნარში ყოფილა ერთი გაუვალი ადგილი, რომელსაც ,,ჭილაანთ გუბეს "ეძახოდნენ.სწორედ ამ ადგილზე იკრიბებოდნენ რევოლუციონერები. მათთან ხშირად დაიარებოდა დარჩაშვილი მოსე. მის ოჯახს დღემდე ჰქონდა შემორჩენილი ამ რევოლუციონერების ფოტო, რომელზეც კარაბინებით ჩანან.



ანაგის საჯარო სკოლა
ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსთვის ანაგაში სკოლა არ არსებობდა და ანაგელ ვაჟებს ვაქირში უწევდათ სასწავლებლად სიარული. შემდეგ მღვდელ ხატიაშვილის სახლში ანაგელი და ვაქირელი ვაჟებისთვის გახსნილა სკოლა. მოგვიანებით ორი სოფლის საერთო ფინანსებითა და მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელშეწყობით აშენებულა სამოთახიანი შენობა, რომელიც 1899 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ვაჟთა სასწავლებელი.

სწავლა-განათლება რომ ანაგელ გოგონებსაც არ აწყენდათ, ეს მღვდელ იოსებ მირიანაშვილს მოუფიქრებია, 1895 წელს დაუქირავებია შენობა და გაუხსნია ქალთა სკოლა, რომლის პირველი მასწავლებელი ყოფილა თელაველი ქალბატონი ქეთევან ზარაქიშვილი. 1900 წელს იოსებ მირიანაშვილს საეკლესიო ხარჯებით აუშენებია ოთხ ოთახიანი შენობა, რომლის ორ პატარა ოთახში სკოლა განთავსებულა, ორ დიდ ოთახში კლუბი. სკოლაში ირიცხებოდა ორი მასწავლებელი და 100-მდე მოსწავლე გოგონა.

სწავლა მიმდინარეობდა ქართულად, თუმცა რუსულს დიდი ყურადგება ექცეოდა. საღვთოს სჯულის სწავლებისთვის თავი მაინცა და მაინც არავის შეუწუხებია. სკოლის გამგეს, დეკანოზ მერაბიშვილს უთქვამს, ,,მამაო ჩვენო” და ,,წმიდაო ღმერთოც” ეყოფათო. ამ სასწავლებელში სწავლის ვადა სამი წელი ყოფილა.

ამ დროისათვის სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში უმუშავია ანაგელ ბენიამინ მირიანაშვილს. მას დაუთანხმებია სიღნაღში რევიზიაზე ჩამოსული ინსტიტუტის მეგობარი პოგარელოვი გიგა მირიანაშვილისაგან ოთახი ექირავებინა მამასახლის ,,ნოქარაანთ ილიკოსთვის”. შემდგარა გარკვეული სახის ოფიციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 1899 წლის პირველი სექტემბრისათვის ვაქირიდან გადმოუზიდავთ მოძველებული ინვენტარი და შემდგარა პირველი მეცადინეობა, რომელსაც დასწრებიან ქალები და ვაჟები ერთად, თუმცა, პარალელურად, უარსებია ქალთა სკოლასაც.

თბილისში დაბრუნებულ პოგარელოვს ანაგაში სკოლის ასაშენებლად სიღნაღის ხაზინაში გადაურიცხავს საჭირო თანხა, მაგრამ მამასახლისის დაუდევრობის გამო შენობის ასაშენებლად ადგილი არ გამოუნახავთ და თანხა ვაქირს აუთვისებია. შენობის უქონლობის გამო არც ვაქირის სკოლის უფროსს, სოლიკო შოშიაშვილს ჰქონია სახარბიელო სამუშაო ვითარება. მისი სკოლისთვის ,,მომთაბარე კლასი” უწოდებიათ და მოსწავლეთა რაოდენობა 50- მდე შემცირებულა.

გამოსავალი ამ ორ სოფელში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოინახა 1919 წლის თებერვალში. კარდენახის სკოლიდან გადმოსულმა პედაგოგმა ნადია მირიანაშვილმა(ნალბანდიაანთი), რომლის დიდი ძალისხმევით გაერთიანებულმა ანაგა-ვაქირის სკოლამ თავისი ახალი სიცოცხლე დაიწყო, საერთო ძალებით დადგმული წარმოდგენით.

ამ დროიდან ანაგაში ფუნქციონირებდა ორი სკოლა; ერთი- დაწყებითი, ყოფილი ამბულატორიის შენობაში და მეორე, შვიდწლიანი, რომელიც განთავსებული იყო სოფლის უდიდეს უბანში, ბაიდარაანში, ეგრეთ წოდებულ ფრიდონიიანთ სახლებში. შკოლას ერქვა უმაღლესი დაწყებითი სკოლა. მისი გამგე ყოფილა ვინმე ივანე რუხაძე.

1920 წლისთვის ორივე სკოლაში უსწავლია 200 ბავშვს. 1922 წელს კი ეს სკოლები შეერთებულა. გაერთიანებული სკოლის გამგედ დაუნიშნავთ ვანო რუხაძე, მოადგილედ, ნადია მირიანაშვილი. 1928-30 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ერმილე კიკაჩეიშვილი. 1933 წელს ცალკე გამოყოფილა ოთხწლედი, შვიდწლედს კი მინიჭებია კოლმეურნეობის ახალგაზრდობის სკოლა.

შემდეგ წლებში ამ სკოლას ხელმძღვანელობდნენ იოსებ ტალიაშვილი, ზაქრო ჩერქეზიშვილი, კოლა ღირსიაშვილი, გოგია ბილანიშვილი, ივანე აბესაძე.

1934 წელს შვიდწლედი გადაკეთებულა საშუალო სკოლად, ხოლო დაწყებითი სკოლის ბაზაზე გახსნილა შვიდი კლასი, რომელსაც ცალკე უარსებია 2 წლის მანძილზე და შემდეგ შეერთებია საშუალო სკოლას.

II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს ,,ფრიდონიაანთ სახლებიდან” სკოლა გადმოსულა, სადაც ახლაც ფუნქციონირებს, რომელშიც პირველი დირექტორი ყოფილა ალექსანდრე მჭედლიშვილი, ხოლო 1946 წლიდან მას მართავდა ელენე მირიანაშვილი.შემდგომ ერთმანეთს სცვლინდნენ დირექტორები: დავით ბაბალაშვილი , შალვა მჭედლიშვილი, ნოდარ ბეროზაშვილი, შალვა თანდაშვილი, ესმერალდა სიფრაშვილი.

დღეს კი თუ ანაგის სკოლას ესტუმრებით, თამარ ჯოხარიძე გიმასპინძლებთ.